საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება რაჭველიშვილის მიერ Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის სალომე ზურაბიშვილს "კრიმინალს" და "ქვეყნის მოღალატეს" უწოდებს.
"სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას.
იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ჰოლივუდის მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა სოციალურ ქსელ Instagram-ში ქალი ლიდერების ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყო. ამასთან დაკავშირებით ანიტა რაჭველიშვილმა Facebook-ში დაწერა, რომ ზურაბიშვილი "არ უნდა იყოს იმ ღირსეული ქალბატონების სიაში ვიზეც ანისტონმა დაპოსტა!".